
ჭყონია სანქციების კოორდინატორებს შეხვდა: აინტერესებდათ კლიმატი – რამდენად აქვს მზაობა ბიზნესს, ევროპის ნაწილი გავხდეთ
27/06/2023 08:22:29 ეკონომიკა
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების კოორდინატორებმა ქართულ სახელისუფლებო რგოლთან შეხვედრამდე ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრეს.
როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ უამბო ჟურნალისტებს, პარტნიორები დაინტერესდნენ, როგორი ბიზნესკლიმატია საქართველოში, რა მზაობა აქვს ქართულ ბიზნესს, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ევროპულ ბაზართან.
„ვიტყოდი, რომ გაცილებით მეტი ჩვენგან – ბიზნესისგან აინტერესებდათ, თუ რა კლიმატია, რამდენად აქვთ სულვილი ბიზნესის წარმომადგენლებს და მზაობა, ჩენ ევროპის ნაწილი გავხდეთ. დარწმუნებული ვარ, იმ მიმართულებით სვლით და იმის მიხედვით, რაც მოვისმინე, ალბათ ჩვენ სტატუსს [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის] ძალიან მალე მივიღებთ. ქვეყანას სურს, ევროპის ნაწილი გახდეს და მათთვის მნიშვნელოვანი იყო ბიზნესის ხედვები, თუ რამდენად არის ამ პროცესებში ჩართული“,– თქვა ჭყონიამ და დასძინა, „ალბათ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რაც ხაზგასმული იყო, რომ ომი შესაძლოა, მალე დასრულდეს, მაგრამ სანქციები გაგრძელდება წლების განმავლობაში. რამდენად მზად ვიქნევით ამისთვის, ჩვენი ასარჩევია. ჩვენი ასარჩევია ჩვენი მომავალი – იქნება ეს ევროპისკენ თუ სხვა მიმართულებით“.
მისი თქმით, „ბევრია სამუშაო და ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვემგან იქნა დაყენებული, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა იყოს ევროპის მხრიდან, რომ მისი კარი გაიღოს ქართველი მწარმოებლებისთვის და ფერმერებისთვის“.
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ევროკავშირის სანქციების დესპანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი სტუმრობენ.
როგორც დაანონსდა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.