Accentnews.ge
"საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა"

"საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა"

21/11/2019 12:51:44 სხვა, სამართალი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები", - აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის: ოსური უშიშროება ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ოფიციალური თბილისის მცდელობები, ვაჟა გაფრინდაშვილის გამოყენებით პოლიტიკური ქულები მიიწერონ და საკუთარი შიდა რეიტინგის ასამაღლებლად რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, უპერსპექტივოა“.   

ამასთან, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი, მისი მტკიცებით, გაფრინდაშვილის ბოლო პერიოდის გადაადგილებისა და პირადი საუბრების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს:

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელთ არსებული ობიექტური კონტროლის მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა გამიზნულ და კარგად დაგეგმილ ხასიათს ატარებდა. ასე, ნოემბრის დასაწყისში გაფრინდაშვილი იმყოფებოდა მივლინებაში, რომლის ფარგლებშიც ჩასული იყო ბალტიისპირეთში, მათ შორის -  ესტონეთში.  4 ნოემბერს გაფრინდაშვილი დაბრუნდა თბილისში, სადაც 5–დან 8 ნოემბრის ჩათვლით იღებდა პაციენტებს კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“. 6 ნოემბერს გაფრინდაშვილის ანგარიშზე „საქართველოს ბანკში“ პრემიალურ პაკეტ „სოლოს“ ფარგლებში გადაირიცხა 21 000 ლარი. 8 ნოემბერს კლიენტებთან რამდენიმე საუბრის ფარგლებში გაფრინდაშვილმა მათ აცნობა, რომ შაბათ–კვირას თბილისში არ იქნებოდა და პაციენტების მიღებას მხოლოდ ორშაბათს, 11 ნოემბერს განაახლებდა“, – ნათქვამია დე ფაქტო კომიტეტის განცხადებაში.

ოსურ უშიშროებას "გაფრინდაშვილის 8 ნოემბრის საუბრების" სტენოგრამაც მოჰყავს. 

მისივე ცნობით, 9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 10:00სთ–ზე გაფრინდაშვილი თბილისში, რესტორან „ვენდის“ მიდამოებში მის კოლეგა ირაკლი კარტოზიას შეხვდა, რომელთან ერთადაც მოგვიანებით ტაქსით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს მიმართულებით დაიძრა. ხოლო 11:00–დან 11:40–მდე პერიოდში მან დე ფაქტო საზღვარი ახალგორის რაიონის სოფელ მონასტრის მიმართულებით გადაკვეთა, რის შესახებაც 11:40–ზე სპეციალურად აცნობა კარტოზიას მორიგი სატელეფონო საუბრისას.

დე ფაქტო უშიშროებას, მისი მტკიცებით, კარტოზიას სატელეფონო ნომერიც მოჰყავს და საუბრის სტენოგრამაც:


„ვაჟა გაფრინდაშვილი": უკვე სოფელში ვარ.

"ირაკლი კარტოზია": სიმშვიდეა?

– კი, ჯერ–ჯერობით ყურადღებას არავინ მაქცევს, ახლა ცენტრში კაფეს ვიპოვი და ყავას დავლევ.

– კარგი. კავშირზე ვარ“.

ამ საუბრის დასრულებისთანავე, დე ფაქტო უშიშროების მტკიცებით, გაფრინდაშვილს აკავებენ.

„დაკითხვისას გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ საზღვარი გამიზნულად, სოფელ მონასტერში არსებულ ეკლესიაში სალოცავად გადაკვეთა, თუმცა საკუთარი რელიგიური მრწამსის შესახებ გარკვევით ჩვენება ვერ მოგვცა. ამასთან, მან უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვისთვის საკუთარი პარტიული კუთვნილების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო–ში უსწრაფესი გაწევრიანების მომხრეა, მის მიერ საზღვრის დარღვევას განიხილავს „თავისუფალ გადაადგილებაზე საქართველოს მოქალაქის უფლების კანონიერ რეალიზებად“, სამხრეთ ოსეთს თვლის „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიად“, ხოლო რუსეთს - "ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად“. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, იგი, როგორც საქართველოს მოქალაქე, უფლებას იტოვებს, აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს ამა თუ იმ ნორმატიული აქტების შეცვლა. ზემოაღნიშნული ფაქტებისა და ქართულ თუ უცხოურ მედიაში გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული ისტერიის გათვალისწინებით, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ამ პროვოკაციას საქართველოში მიმდინარე მასობრივ აქციებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორებისა და ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილის გამოყენებით პოლიტიკური ქულები მიიწერონ და საკუთარი შიდა რეიტინგის ასამაღლებლად რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ, უპერსპექტივოა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S