ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელებმა 2014 წელს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს
27/06/2023 07:52:51 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, უკრაინის არმიამ 2014 წელს დაკარგული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნა.
საუბარია დონეცკთან მდებარე სოფლის, კრასნოგოროვკის აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც უკრაინის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებს წინსვლა აქვთ. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელმა სამხედროებმა 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნეს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, დონბასში უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლოდროინელმა მრავალრიცხოვანმა შეტევებმა დიდი დაძაბულობა შექმნა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებსა და ჩეჩენთა დაჯგუფებებში, რომლებიც ამ რაიონში მოქმედებენ.
26 ივნისს ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა წინ წაიწიეს ფრონტის ყველა მიმართულებით და „ეს ბედნიერი დღეა“.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევით ოპერაციებს ატარებენ დონეცკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ პერიოდში გათავისუფლებულია ათამდე დასახლებული პუნქტი.


