Беларускі Гаюн: პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაეშვა
27/06/2023 06:09:47 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავი მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე დაეშვა, – იუწყება მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.
Беларускі Гаюн–ის ცნობით, პრიგოჟინის თვითმფრინავი აეროდრომზე დაეშვა მინსკის დროით 07:40 საათზე, 18 წუთის შემდეგ კი, ამავე აეროდრომზე სანქტ-პეტერბურგიდან გამოფრენილი კიდევ ერთი თვითმფრინავი დაჯდა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერ–ჯერობით დადასტურებული არ არის.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


