კირბი: აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, ზაპოროჟიეს სადგურის აფეთქებას, ან ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავდეს
27/06/2023 06:04:50 მსოფლიო
აშშ ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავდეს. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელ ჯონ კირბის თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებს თუ არა ვაშინგტონი უკრაინის შეფასებას, რომ რუსეთს შესაძლო აფეთქებისთვის ყველაფერი მზად აქვს. კირბიმ დაზვერვის მონაცემები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის რაიმე ნიშანი, რომ საფრთხე გარდაუვალია.
მისი თქმით, დიდი ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას, მათ შორის რადიოაქტივობას სადგურის მახლობლად.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის ხმამაღალი რიტორიკის გარდა, აშშ ვერც ამის ნიშნებს ხედავს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს განაცხადა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რუსეთი განიხილავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ტერორისტული აქტის სცენარს" და ამისთვის ყველაფერი მზად აქვს. როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინის მხრიდან მსოფლიო ინფორმირებული და გაფრთხილებულია და უნდა იმოქმედოს. რუსეთი უკრაინის პრეზიდენტის ბრალდებებს უარყოფს.
ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.


