პუტინმა პრიგოჟინის აჯანყების დროს სამხედრო მფრინავების დაღუპვა აღიარა
26/06/2023 19:57:01 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა სამხედრო მფრინავების დაღუპვა "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის აჯანყების დროს. მანამდე ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებდნენ, მხოლოდ მედია წერდა ღია და საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაღუპულ მფრინავებზე.
"დაღუპული მფრინავების გამბედაობამ გადაარჩინა რუსეთი", - თქვა პუტინმა მიმართვისას.
მისი თქმით, "ვაგნერის" მებრძოლების ბრმად გამოყენებას ცდილობდნენ. ამასთან, პუტინმა მადლობა გადაუხადა დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებმაც „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“ და „ბოლო ხაზზე გაჩერდნენ“. მან მებრძოლებს შესთავაზა, კონტრაქტები დადონ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან, უარი თქვან სამსახურზე ან გადავიდნენ ბელარუსში:
"ვისაც უნდა, შეუძლია, ბელარუსში წასვლა. ჩემი დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რუსი ჯარისკაცების არჩევანი, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა",– თქვა პუტინმა.
პუტინი ირწმუნება, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილებისკენ მიმართული მისი განკარგულების აღსასრულებლად ნაბიჯების გადადგმა 24 ივნისის მოვლენების დაწყებისთანავე დაიწყო.
„ამას დასჭირდა დრო, მათ შორის, იმისთვის, რომ მათ, ვინც შეცდომა დაუშვა, გონს მოსვლის შანსი მიგვეცა, რათა გაეგოთ, რომ მათი ქმედებები მკაცრად უარყოფილია საზოგადოების მიერ და რა ტრაგიკულ, დამღუპველ შედეგებამდე მიიყვანს რუსეთს ავანტიურა, რომელშიც ისინი ჩაითრიეს",– თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, აჯანყების შეჩერებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსების "პატრიოტულმა სულმა, მთელი რუსული საზოგადოების კონსოლიდაციამ". მან ასევე მადლობა გადაუხადა ალექსანდრ ლუკაშენკოს „სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში გაწეული ძალისხმევისა და წვლილისთვის“.
რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლა ხუთ წუთზე ცოტა მეტსხანს გაგრძელდა. მანამდე პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები „გადაჭარბების გარეშე განსაზღვრავს რუსეთის ბედს“.


