პუტინმა "ვაგნერს" მადლობა გადაუხადა
26/06/2023 19:37:20 მსოფლიო
კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ცივილიზებული სამყაროს მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ "ვაგნერის მებრძოლებს შეუძლიათ, კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმონ, სამსახური დატოვონ და გადავიდნენ ბელარუსში.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა "ვაგნერელებს" იმისთვის, რომ აჯანყება "სისხლისღვრით არ დასრულებულა". თუმცა მედია წერს, რომ მინიმუმ ოთხიდან 20–მდე ადამიანი ემსხვერპლა ჯანყს. ძირითადად ეკიპაჟის წევრები იმ საფრენი საშუალებებისა, რომლებიც "ვაგნერის" დაქირავებულებმა ჩამოაგდეს.
პუტინმა ასევე მადლობა გადაუხადა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოს "სიტუაციის მშვიდობიან დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის".
მისი მიმართვა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. მანამდე პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პირობა დადო, რომ ეს განცხადება „რუსეთის ბედს შეცვლის“.
ცოტა ხნით ადრე ომის მხარდამჭერი ტელეგრამ–არხებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს გაათავისუფლებდა. ასევე იყო ვარაუდები, რომ ტულას რეგიონის გუბერნატორი ალექსეი დიუმინი შეცვლიდა შოიგუს თავდაცვის მინისტრის პოსტზე. პრიგოჟინის აჯანყების დროს გაჩნდა ინფორმაცია, რომ დიუმინი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში "ვაგნერის" ხელმძღვანელთან, მაგრამ რეგიონის ხელისუფლებამ ამ ცნობებს არასანდო უწოდა.
დღესვე პრიგოჟინმა ჯანყის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "მარშის" მიზანი "ვაგნერის გადარჩენა იყო და არა პოლიტიკური ხელისუფლების დამხობა.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


