ბორელი: სისტემა ავლენს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება, ეს უკრაინის ომის მნიშვნელოვანი შედეგია
26/06/2023 14:03:39 მსოფლიო
მონსტრი მისი შემქმნელის წინააღმდეგ მოქმედებს,– ასე აფასებს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.
მისი თქმით, პოლიტიკური სისტემა ავლენს თავის სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება.
ბორელმა თქვა, რომ ეს უკრაინის ომის მნიშვნელოვანი შედეგია.
„ვაკვირდებით რუსეთში არსებულ მდგომარეობას „ვაგნერის“ ჯგუფის კრიზისის შემდეგ. ყველამ იცის, რაც ხდება რუსეთში. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს არღვევს რუსეთის სამხედრო ძალას და გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ სისტემაზე. რა თქმა უნდა, არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში. რა თქმა უნდა, ესეც გათვალისწინებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი და ის ურჩხული, რომელიც მან „ვაგნერთან“ ერთად შექმნა, ახლა თავად მას კბენს. მონსტრი მისი შემქმნელის წინააღმდეგ მოქმედებს. პოლიტიკური სისტემა ავლენს თავის სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. ასე, რომ ეს არის უკრაინის ომის მნიშვნელოვანი შედეგი“,– თქვა ბორელმა.
23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


