Accentnews.ge
კადიროვმა პრიგოჟინის ამბოხის მიზეზი დაასახელა

კადიროვმა პრიგოჟინის ამბოხის მიზეზი დაასახელა

26/06/2023 09:39:37 მსოფლიო

ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი რამზან კადიროვი ამბობს, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ამბოხება დაკავშირებულია მის ბიზნეს ინტერესებთან, კერძოდ, სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაციასთან კონფლიქტთან, რომელმაც ბიზნესმენის ქალიშვილი მიწის ნაკვეთით არ უზრუნველყო.

როგორც კადიროვი აცხადებს, პრიგოჟინს "საკუთარი ამბიციები სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში აერია."

საუბარია პროგოჟინის ქალიშვილზე, 30 წლის პოლინა პრიგოჟინაზე. 2016 წელს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ გამოაქვეყნა გამოძიება პრიგოჟინის ოჯახის, მათ შორის მისი ქალიშვილის ბიზნესის შესახებ.

თავდაპირველად, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელის ქალიშვილი შპს "კრედოს" დამფუძნებელი იყო. ეს კომპანია დაკავებულია უძრავი ქონების დაქირავებით და მართვით, ფლობს ასევე შპს "ლახტა პლაზას", რომლის ეგიდითაც პრიგოჟინს გამოეყო ტერიტორია წყლის ტურიზმის ცენტრის მშენებლობისთვის. ამ დროისთვის პოლინა პრიგოჟინა შპს "ლუდსახარშს“ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქების საარბიტრაჟო სასამართლოებში ერთი მილიონი რუბლისთვის ედავება.

პოლინა პრიგოჟინა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, იაპონიის და რიგი სხვა ქვეყნების სანქციების სიაში იმყოფება.

კადიროვი ჯერ–ჯერობით ერთადერთი მაღალი რანგის რუსი მოხელეა, რომელმაც პრიგოჟინის სამხედრო ამბოხი მის ბიზნეს ინტერესებს დაუკავშირა.

ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.

24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.

24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.

პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.

24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.

პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S