პრიგოჟინის ამბოხების გამო გამოცხადებული "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" მოსკოვში გააუქმეს
26/06/2023 07:32:04 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში გამოცხადებული „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გააუქმა.
ის 24 ივნისს მას შემდეგ აამოქმედეს, რაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის რეგულარული არმია დაადანაშაულა „ვაგნერელებზე" სარაკეტო დარტყმაში, დონის როსტოვში სამხედრო ობიექტები დაიკავა და „სამართლიანობის მარშით" მოსკოვისკენ წასვლა გადაწყვიტა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს დღევანდელ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მოსკოვის რეგიონში ვითარება სტაბილურია და „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" გაუქმებულია დილის 9 საათიდან. ანალოგიური რეჟიმი გაუქმდა რუსეთის ვორონეჟის ოლქშიც.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


