ბაიდენმა და ზელენსკიმ რუსეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს
26/06/2023 06:32:25 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის კონტრშეტევა. ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებიც.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკიტხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა შორ მანძილზე მოქმედების იარაღზე.
მისი ინფორმაციით, პრეზიდენტებმა იმსჯელეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობასა და რუსეთში მიმდინარე პროცესებზეც. ზელენსკის განცხადებით, განვითარებულმა მოვლენებმა გამოააშკარავა პუტინის რეჟიმის სისუსტე. მისი თქმით, მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა საერთაშორისო წესრიგის აღდგენამდე უნდა განაგრძოს.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


