ლიეტუვა: თუ დადასტურდება, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია, მოვითხოვთ, ნატო–მ აღმოსავლეთ ფლანგი კიდევ უფრო გააძლიეროს
26/06/2023 05:58:11 მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აუცილებლად მიიჩნევს ნატო–ს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას, თუ დადასტურდება, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსშია.
"ჩვენი სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელარუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას. თუ დადასტურდება, რომ პრიგოჟინი ბელარუსშია, მოვითხოვთ, ნატო–მ აღმოსავლეთ ფლანგი კიდევ უფრო გააძლიეროს", – განაცხადა ნაუსედამ.
ცნობისთვის: 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ „სამართლიანობის აღსადგენად მარში" დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
24 ივნისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტოლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებოდნენ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განვითარებულ მოვლენებს "ამბოხება, ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა" უწოდა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
24 ივნისს ღამით პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ "მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებოდა თუმცა იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია იყო, "ვაგნერელები" უკან „საველე ბანაკებში“ დაბრუნდებოდნენ.
პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
24 ივნისს გვიან ღამით პრეზიდენტ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და იგი ბელარუსში ჩავიდოდა.
პრიგოჟინის ზუსტი ადილსამყოფელი ჯერ–ჯერობით უცნობია.


