ISW: კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას
25/06/2023 10:54:14 მსოფლიო
კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
ანალიტიკოსების შეფასებით, ამბოხებამ აჩვენა ვლადიმერ პუტინის უუნარობა, შიდა საფრთხის მოსაგერიებლად თავისი ძალები დროულად გამოიყენოს.
„ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო დაანგრია მისი მონოპოლია ძალაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის სწრაფმა მსვლელობამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი ფიგურის, სახელმწიფო საწარმოს და რუსეთის მთავრობის სხვა საკვანძო ფიგურების ყურადღება მიმართა იმ ფაქტისკენ, რომ სახელმწიფოსგან განცალკევებულ კერძო სამხედრო ძალებს შეუძლიათ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა.
ცნობისთვის: 23 ივნისის საღამოს, ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.
24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები.
24 ივნისს გვიან ღამით „ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ თავის რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებდა.


