
პრიგოჟინი: "მოსკოვისკენ მარშს ვაჩერებთ, უკან ვბრუნდებით" მოსკოვისკენ
24/06/2023 17:32:36 მსოფლიო
"ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი გასამხედროებული დაჯგუფება მოსკოვისკენ სვლას აჩერებს.
"ჩვენ 200 კმ-ში ვართ მოსკოვიდან. 23 ივნისიდან ამ დრომდე რუსეთის ტერიტორიაზე მარშით ისე ვიარეთ, რომ ერთი ტყვიაც არ გაგვისვრია. მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა უკვე სისხლი შეიძლება, დაიღვაროს. ამიტომაც ვტრიალდებით და მივდივართ საპირისპირო მიმართულებით - საველე ბანაკებისკენ, როგორც იყო კიდეც დაგეგმილი", - აცხადებს მამაკაცი პრიგოჟინის ხმით მორიგ აუდიო-მიმართვაში, რომელიც კვლავ ტელეგრამ-არხმა "პრიგოჟინის პრეს-სამსახურმა" გაავრცელა.
მანამდე ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრიგოჟინმა უკან სწორედ მასთან მოლაპარაკების შედეგად დაიხია, რომ ლუკაშენკოს შუამდგომლობით მოლაპარაკებები დილიდან წარმოებდა და საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.
«დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსი კოლეგა საქმის კურსში ჩააყენა რუსეთის სამხრეთში შექმნილი ვითარების შესახებ. სახელმწიფოთა ლიდერები ერთობლივ ქმდებებზე შეთანხმდნენ. მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, დამატებით დააზუსტა რა გარკვეული ინფორმაციები საკუთარი არხებით, მოლაპარაკებები გამართა კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან. მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში წარმოებდა. შედეგად მხარეები რუსეთის ტერიტორიაზე სისხლისმღვრელი დაპირისპირების დაუშვებლობაზე შეთანხმდნენ. ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტის წინადადება "ვაგნერის" შეიარაღებულ წევრთა რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შეწყვეტისა და დაძაბულობის შემდგომი დეესკალაციის თაობაზე. ამ დროისთვის მაგიდაზე დევს ვითარების გადაწყვეტის აბსოლუტურად მისაღები და მომგებიანი ვარიანტი, "ვაგნერელების" უსაფრთხოების გარანტიებით" - ნათქვამია ლუკაშენკოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცეებულ განცხადებაში.