"ვაგნერი" ახალ განცხადებას ავრცელებს და "დასასრულის მოახლოებაზე" საუბრობს
24/06/2023 17:22:34 მსოფლიო
თუ გაინტერესებთ, როგორ მიდის საქმე, ყველაფერი გადასარევადაა. რა სჭირდება წარმატებას? - მას სჭირდება "კვერცხები" და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკოსს ["ვაგნერის" ხელმძღვანე; ევგენი პრიგოჟინს - რედ.] ისინი ნამდვილად აქვს!" - ნათქვამია ტელეგრამ-არხ "პრიგოჟინის პრეს-სამსახურის" მიერ დაჯგუფების სახელით გავრცელებულ მორიგ განცხადებაში.
"ვაგნერის" შეფასებით, "პიპა [ასე უწოდებენ პრეზიდენტ პუტინს - რედ.] შეგნებულად ანადგურებდა რუსეთში სახელმწიფო ინსტიტუტებს, დანარჩენს კი კორუფციამ მოუღო ბოლო".
"სიცოცხლის ამ ზეიმის დასასრული უკვე ახლოსაა. ხიდებისა და გზების დაბომბვა გარდაუვალს ვერ შეაჩერებს. სამართალი მალე იზეიმებს" - წერენ "ვაგნერელები".
ცნობისთვის: დღეს რუსეთის დროით დაახლოებით 10:00 სთ-ზე პრეზიდენტმა პუტინმა ერს მიმართა და "ვაგნერი" ღალატში დაადანაშაულა. საპასუხოდ პრიგოჟინმა პუტინს ნაძირალა უწოდა, განაცხადა, რომ "პუტინმა არასწორი მხარე დაიჭირა, რაც მისთვისვეა უარესი" და რუსეთში "სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება გამოაცხადა".
დღესვე "ვაგნრელებმა" დონის როსტოვსა და ვორონეჟში მდებარე ყველა სამხედრო ობიექტი დაიკავეს და "მოსკოვზე მარში" გამოაცხადეს. რუსული არმიის ავიაცია ამჟამად "ვაგნერელების" სვლის შეჩერებას, გზებისა და ხიდების დაბომბვით ცდილობს. საპასუხოდ პრიგოჟინის მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებს აგდებენ. ზოგიერთი ტელეგრამ-არხის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, განადგურებული და დაზიანებულია რამდენიმე სამხედრო მანქანა.
ცოტა ხნის წინ როსტოვში, რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის შტაბის შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. არსებულიინფორმაციით, შტაბს კვლავინდებურად "ვაგნერელები" აკონტროლებენ.
გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, პრიგოჟინის ყველაზე გამოცდილი მებრძოლები პროცესებში ჯერ არ ჩაურთავთ. "ევგენი პრიგოჟინისგან ოფიციალურ ბრძანებას ველით. როსგვარდია და ჯარი ზემოდგომთა ბრძანებების შესრულებაზე უარს აცხადებენ, ჩვენ კი ნაბრძანები გვაქვს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ველოდოთ ბრძანებას" - განუცხადა გამოცემას უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა "ვაგნერელმა".
23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა რუსი სამხედროები "ზურგში დასასვენებლად მყოფ "ვაგნერელებზე" თავდასხმაში" დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ "პასუხს აგებინებს თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნებს, უპირველესად - მინისტრ სერგეი შოიგუს. მოგვიანებით გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიო-მიმართვაში პრიგოჟინმა დააზუსტა, რომ მისი მებრძოლები როსტოვისკენ მიემართებოდნენ. ამის შედმეგ პრორუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობებს, თითქოს პრიგოჟინის აუდი-მიმართვები ჰაკერების მიერ გავრცელებული ფეიქები იყო.


