რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს, ქვეყნის შიდა არეულობა არ გამოიყენოს
24/06/2023 17:08:12 მსოფლიო
რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს, ქვეყნის შიდა არეულობა არ გამოიყენოს.
„ჩვენ ვაფრთხილებთ დასავლეთის ქვეყნებს, არ გამოიყენონ შიდა რუსული ვითარება თავიანთი რუსოფობიური მიზნების მისაღწევად. ასეთი მცდელობები უშედეგოა და ვერ იპოვის პასუხს ვერც რუსეთში და ვერც საზღვარგარეთ გონიერ პოლიტიკურ ძალებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს მომავალში სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნება ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოს საუკუნოვანი სიბრძნის შესაფერისად. სპეცოპერაციის ყველა მიზანი და ამოცანები შესრულდება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, "შეიარაღებული აჯანყების მცდელობას რუსეთის საზოგადოების დიდი ნაწილი არ ემხრობა, ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "რუსეთი გააგრძელებს სუვერენულ კურსს, თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თავისი ღირებულებების დასაცავად და საერთაშორისო არენაზე თავისი ავტორიტეტის გასაძლიერებლად რათა ჩამოაყალიბოს სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგი“.
ცნობისთვის: დღეს რუსეთის დროით დაახლოებით 10:00 სთ-ზე პრეზიდენტმა პუტინმა ერს მიმართა და "ვაგნერი" ღალატში დაადანაშაულა. საპასუხოდ პრიგოჟინმა პუტინს ნაძირალა უწოდა, განაცხადა, რომ "პუტინმა არასწორი მხარე დაიჭირა, რაც მისთვისვეა უარესი" და რუსეთში "სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება გამოაცხადა".
დღესვე "ვაგნრელებმა" დონის როსტოვსა და ვორონეჟში მდებარე ყველა სამხედრო ობიექტი დაიკავეს და "მოსკოვზე მარში" გამოაცხადეს. რუსული არმიის ავიაცია ამჟამად "ვაგნერელების" სვლის შეჩერებას, გზებისა და ხიდების დაბომბვით ცდილობს. საპასუხოდ პრიგოჟინის მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებს აგდებენ. ზოგიერთი ტელეგრამ-არხის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, განადგურებული და დაზიანებულია რამდენიმე სამხედრო მანქანა.
ცოტა ხნის წინ როსტოვში, რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის შტაბის შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. არსებულიინფორმაციით, შტაბს კვლავინდებურად "ვაგნერელები" აკონტროლებენ.
გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, პრიგოჟინის ყველაზე გამოცდილი მებრძოლები პროცესებში ჯერ არ ჩაურთავთ. "ევგენი პრიგოჟინისგან ოფიციალურ ბრძანებას ველით. როსგვარდია და ჯარი ზემოდგომთა ბრძანებების შესრულებაზე უარს აცხადებენ, ჩვენ კი ნაბრძანები გვაქვს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ველოდოთ ბრძანებას" - განუცხადა გამოცემას უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა "ვაგნერელმა".
23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა რუსი სამხედროები "ზურგში დასასვენებლად მყოფ "ვაგნერელებზე" თავდასხმაში" დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ "პასუხს აგებინებს თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნებს, უპირველესად - მინისტრ სერგეი შოიგუს. მოგვიანებით გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიო-მიმართვაში პრიგოჟინმა დააზუსტა, რომ მისი მებრძოლები როსტოვისკენ მიემართებოდნენ. ამის შედმეგ პრორუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობებს, თითქოს პრიგოჟინის აუდი-მიმართვები ჰაკერების მიერ გავრცელებული ფეიქები იყო.


