
ლატვია რუსებისთვის საზღვრებს კეტავს და ჰუმანიტარული ვიზების გაცემას წყვეტს
24/06/2023 15:28:02 მსოფლიო
ლატვიის პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას.
"ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს რუსეთის დროით დაახლოებით 10:00 სთ-ზე პრეზიდენტმა პუტინმა ერს მიმართა და "ვაგნერი" ღალატში დაადანაშაულა. საპასუხოდ პრიგოჟინმა პუტინს ნაძირალა უწოდა, განაცხადა, რომ "პუტინმა არასწორი მხარე დაიჭირა, რაც მისთვისვეა უარესი" და რუსეთში "სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება გამოაცხადა".
დღესვე "ვაგნრელებმა" დონის როსტოვსა და ვორონეჟში მდებარე ყველა სამხედრო ობიექტი დაიკავეს და "მოსკოვზე მარში" გამოაცხადეს. რუსული არმიის ავიაცია ამჟამად "ვაგნერელების" სვლის შეჩერებას, გზებისა და ხიდების დაბომბვით ცდილობს. საპასუხოდ პრიგოჟინის მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებს აგდებენ. ზოგიერთი ტელეგრამ-არხის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, განადგურებული და დაზიანებულია რამდენიმე სამხედრო მანქანა.
ცოტა ხნის წინ როსტოვში, რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის შტაბის შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. არსებულიინფორმაციით, შტაბს კვლავინდებურად "ვაგნერელები" აკონტროლებენ.
გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, პრიგოჟინის ყველაზე გამოცდილი მებრძოლები პროცესებში ჯერ არ ჩაურთავთ. "ევგენი პრიგოჟინისგან ოფიციალურ ბრძანებას ველით. როსგვარდია და ჯარი ზემოდგომთა ბრძანებების შესრულებაზე უარს აცხადებენ, ჩვენ კი ნაბრძანები გვაქვს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ველოდოთ ბრძანებას" - განუცხადა გამოცემას უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა "ვაგნერელმა".
23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა რუსი სამხედროები "ზურგში დასასვენებლად მყოფ "ვაგნერელებზე" თავდასხმაში" დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ "პასუხს აგებინებს თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნებს, უპირველესად - მინისტრ სერგეი შოიგუს. მოგვიანებით გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიო-მიმართვაში პრიგოჟინმა დააზუსტა, რომ მისი მებრძოლები როსტოვისკენ მიემართებოდნენ. ამის შედმეგ პრორუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობებს, თითქოს პრიგოჟინის აუდი-მიმართვები ჰაკერების მიერ გავრცელებული ფეიქები იყო.