მედია: კრემლი პრიგოჟინთან მოლაპარაკებას ცდილობდა
24/06/2023 12:30:08 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკება უკვე რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ, - იუწყება რუსული მედია.
გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, პირველად პუტინის ადმინისტრაციიდან პრიგოჟინს მაშინვე დაუკავშირდნენ, როგორც კი ამ უკანასკნელმა ფაქტობრივად სამხედრო ჯანყი გამოაცხადა.
კერძოდ, პრიგოჟინს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და შესთავაზეს, უკან დაეხია, ხოლო მისი სახელით გაკეთებული განცხადებები ფეიქად გამოცხადებულიყო. ამასთან, გამოცემის წყარო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრიგოჟინს ურეკავდნენ კრემლის ჩინოსნები და არა თავად პრეზიდენტი პუტინი. პრიგოჟინი კრემლის პირობებს აფ დაეთანხმა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა პუტინმა მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისა და "ხისტი მოქმედების" ბრძანება გასცა, - აცხადებს "ვაჟნიე ისტორიის" წყარო.
24 ივნისს, როცა "ვაგნერელებმა" დონის როსტოვზე კონტროლი დაამყარეს, რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინთან მოლაპარაკება კვლავ სცადა, - წერს "მედუზა" კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით და იქვე დასძენს, რომ რამდენიმე საათში რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება გაურკვეველი მიზეზით შეცვალა. "შესაძლოა, პრიგოჟინთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ" - ვარაუდობს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.
ცნობისთვის: დღეს რუსეთის დროით დაახლოებით 10:00 სთ-ზე პრეზიდენტმა პუტინმა ერს მიმართა და "ვაგნერი" ღალატში დაადანაშაულა. საპასუხოდ პრიგოჟინმა პუტინს ნაძირალა უწოდა, განაცხადა, რომ "პუტინმა არასწორი მხარე დაიჭირა, რაც მისთვისვეა უარესი" და რუსეთში "სამოქალაქო დაპირისპირების დაწყება გამოაცხადა".
დღესვე "ვაგნრელებმა" დონის როსტოვსა და ვორონეჟში მდებარე ყველა სამხედრო ობიექტი დაიკავეს და "მოსკოვზე მარში" გამოაცხადეს. რუსული არმიის ავიაცია ამჟამად "ვაგნერელების" სვლის შეჩერებას, გზებისა და ხიდების დაბომბვით ცდილობს. საპასუხოდ პრიგოჟინის მებრძოლები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენებს აგდებენ. ზოგიერთი ტელეგრამ-არხის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩამოგდებულია 3 ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, განადგურებული და დაზიანებულია რამდენიმე სამხედრო მანქანა.
ცოტა ხნის წინ როსტოვში, რუსეთის სამხრეთ-სამხედრო ოლქის შტაბის შენობასთან აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. არსებულიინფორმაციით, შტაბს კვლავინდებურად "ვაგნერელები" აკონტროლებენ.
გამოცემა "ვაჟნიე ისტორიის" ინფორმაციით, პრიგოჟინის ყველაზე გამოცდილი მებრძოლები პროცესებში ჯერ არ ჩაურთავთ. "ევგენი პრიგოჟინისგან ოფიციალურ ბრძანებას ველით. როსგვარდია და ჯარი ზემოდგომთა ბრძანებების შესრულებაზე უარს აცხადებენ, ჩვენ კი ნაბრძანები გვაქვს, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ველოდოთ ბრძანებას" - განუცხადა გამოცემას უკრაინაში მებრძოლმა ერთ-ერთმა "ვაგნერელმა".
23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა რუსი სამხედროები "ზურგში დასასვენებლად მყოფ "ვაგნერელებზე" თავდასხმაში" დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ "პასუხს აგებინებს თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნებს, უპირველესად - მინისტრ სერგეი შოიგუს. მოგვიანებით გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიო-მიმართვაში პრიგოჟინმა დააზუსტა, რომ მისი მებრძოლები როსტოვისკენ მიემართებოდნენ.
ამის შედმეგ პრორუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ ცნობებს, თითქოს პრიგოჟინის აუდი-მიმართვები ჰაკერების მიერ გავრცელებული ფეიქები იყო.


