პუტინი რუსეთში შექმნილ ვითარებაზე ОДКБ-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა
24/06/2023 11:20:38 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელეფონით ბელარუსის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ესაუბრა, - იუწყება კრემლის პრესსამსახური.
ამ საუბრების დეტალების შესახებ მწირი ინფორმაცია ვრცელდება.
"პრეზიდენტმა პუტინმა თანამოსაუბრეები რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქმის კურში ჩააყენა"- განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, თუმცა რა "სიტუაციაზეა" საუბარი - არ დაუზუსტებია.
ყაზახეთის ლიდერმა ქასიმ ჟომარტ ტოკაევმა კი, მისი ინფორმაციით, განაცხადა, რომ "მიმდინარე მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა".
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქვეყნები რუსეთის ინიციატივითა და თაოსნობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრებუ არიან. თავის დროზე, ყაზახეთში მომხდარი ჯანყისას ОДКБ-მ რუსეთის ინიციატივით ჯარები დაახმარა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ორგანიზაციის წესდება მსგავს ნაბიჯებს (კოლექტიურ თავდაცვას) მხოლოდ გარე თავდასხმის შემთხვევაში ითვალისწინებს და ამავდროულად უარი განაცხადა სომხეთის დახმარებაზე ყარაბაღის მეორე ომის შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც აზერბაიჯანული ძალები საკუთრივ სომხეთის ტერიტორიას უტევდნენ.
ორიოდ დღის წინ ОДКБ-ს წევრი ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო კოლეგებს არწმუნებდა, რომ საქართველოს "ორგანიზაციის ბაზარზე დაბრუნება და "ევრაზიულ სივრცესთან" მიერთება სურდა.
„აი, საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ მათ პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებას: მობეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ, ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ [დასავლეთის – რედ.] ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ჩვენი ოსტატური ბაზარი", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა დღეს დღის მეორე ნახევარში ახალი აუდიო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს.
პრიგოჟინის სახელით აუდიო-მიმართვა, წინა შემთხვევების მსგავსად ტელეგრამ-არხმა "პიგოჟინის პრეს-სამსახური" გაავრცელა.
მამაკაცი, რომლის ხმა ჰგავს ევგენი პრიგოჟინისას, აცხადებს შემდეგ: "სამშობლოს ღალატზე საუბრისას პრეზიდენტი პუტინი ღრმად ცდება, ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძვით და არ მისი ბრძანებით ვაპირებთ დანებებას არც უშიშროების სამსახურის ან კიდე ვინმესი, რადგან არ გვსურს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს არსებობა კორუფციაში, ბიუროკრატიასა და სიცრუეში. ისევე, როგორ, თავის დროზე აფრიკისთვის გამოყოფილი თანხები მიიტაცეს, ახლა იტაცებენ თანხებს უკრაინასთან ომისთვის".
რუსეთის ვორონეჟის ოლქში ბრძოლები მიმდინარეობს. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის განცხადებით, "ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები".
თავის მხრივ BBC და Reuters-ი იუწყებიან, რომ ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულმა კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" ოლქში არსებულ ყველა სამხედრო ობიექტზე კონტროლის დამყარება შეძლო.
მედია იუწყება, რომ როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებს შორის არსებულ დაბა ზემო მამონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, დაფრინავს ავიაცია. ეს დაბა ავტომაგისტრალ დონის გასწვრივ მდებარეობს, რომელიც 464-ედან 377-ე კილომეტრის ჩათვლით ბლოკირებულია.
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერი" მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთში სამოქალაქო ომს დაწყებულად აცხადებს.
პრიგოჟინის გასამხედროებული დაჯგუფების მტკიცებით, მის ერთ-ერთ კოლონას ვორონეჟის ოლქში რუსმა ძალოვანებმა შეუტიეს, რისთვისაც, მათ შორის, ავიაციაც გამოიყენეს.
"ვაგნერელების" მტკიცებით, სულ ახლახანს მათ რუსული არმისს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
დაჯგუფების ტელეგრამ-არხში ჩამოგდებული ვერტმფრენის ფოტო ვრცელდება.
ჩამოგდებული ვერტმფრენის ბშესახებ იუწყებიან ადგილობრივებიც და ვიდეოს აქვეყნებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "ღალატი" უწოდა.
პუტინმა შაბათს საგანგებო სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ "ვაგნერის შეიარაღებული ამბოხება რუსეთისთვის ზურგში დანის დარტყმაა":
"ის, რასაც ახლა ვხედავთ, ღალატია. ყველა, ვინც ღალატის გზაზე წავიდა, დაისჯება და პასუხს აგებს".
პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასაცავად:
"მე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის დასაცავად. შეიარაღებულ ძალებს გაეცათ საჭირო ბრძანებები. გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, პასუხისგებაში მიეცემა. ვინც ამ საქმეშია ჩათრეული, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ თქვენი დანაშაულებრივი ქმედებები“.
პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი იბრძვის უმძიმეს ბრძოლას თავისი მომავლისთვის“.
„პირადმა ინტერესებმა განაპირობა ჩვენი ქვეყნის ღალატი", – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.


