კადიროვი "ვაგნერის" ჯანყთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
24/06/2023 09:28:55 მსოფლიო
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" "სამართლიანობის მარშს" ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი "ღალატად, ზურგში ჩარტყმულ დანად და ჯანყად" აფასებს.
კადიროვი თავის ტელეგრამ-არხში ვრცელ კომენტარს ავრცელებს, რომელშიც კერძოდ, ვკითხულობთ: "არაერთგზის გამიფრთხილებიხართ, რომ ომი ჩვენს შორის დავებისა და პირადი წყენების გახმოვანების დრო არ არის, ჩვენი ზურგი ყოველთვის მშვიდი და საიმედოდ დაცული უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ ამჟამად სანგრებში მყოფი ბიჭები მტრის პირისპირ, რომელთა ზურგში მოღალატეობრივი ავანტიურა მიმდინარეობს. საუბარია სახელმწიფოს სტაბილურობაზე, მოქალაქეების ერთიანობასა და უსაფრთხოებაზე. ისტორია გვიჩვენებს, რომ მსგავსი ნაბიჯები შესაძლოა, სისხლიანი შედეგებით სრულდებოდეს".
კადიროვი სრულ მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ პუტინის მიმართვაში გაჟღერებულ "თითოეულ სიტყვას" და თვლის, რომ "ჯანყი უნდა ჩაიხშოს".
"თუ ამისთვის ხისტი ზომებია საჭირო, ჩვენ საამისოდ მზად ვართ" , - წერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი.
ცნობისთვის: ივნისის დასაწყისში კადიროვი და პრიგოჟინი საჯაროდ არკვევდნენ ურთიერთობებს, თუმცა მაშინ რუსეთის ხელმძღვანელობამ მათი "შერიგება" მოახერხა.
რუსეთის ვორონეჟის ოლქში ბრძოლები მიმდინარეობს. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის განცხადებით, "ტარდება აუცილებელი ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებები".
თავის მხრივ BBC და Reuters-ი იუწყებიან, რომ ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულმა კერძო გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" ოლქში არსებულ ყველა სამხედრო ობიექტზე კონტროლის დამყარება შეძლო.
მედია იუწყება, რომ როსტოვისა და ვორონეჟის ოლქებს შორის არსებულ დაბა ზემო მამონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, დაფრინავს ავიაცია. ეს დაბა ავტომაგისტრალ დონის გასწვრივ მდებარეობს, რომელიც 464-ედან 377-ე კილომეტრის ჩათვლით ბლოკირებულია.
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერი" მორიგ განცხადებას ავრცელებს და რუსეთში სამოქალაქო ომს დაწყებულად აცხადებს.
პრიგოჟინის გასამხედროებული დაჯგუფების მტკიცებით, მის ერთ-ერთ კოლონას ვორონეჟის ოლქში რუსმა ძალოვანებმა შეუტიეს, რისთვისაც, მათ შორის, ავიაციაც გამოიყენეს.
"ვაგნერელების" მტკიცებით, სულ ახლახანს მათ რუსული არმისს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
დაჯგუფების ტელეგრამ-არხში ჩამოგდებული ვერტმფრენის ფოტო ვრცელდება.
ჩამოგდებული ვერტმფრენის ბშესახებ იუწყებიან ადგილობრივებიც და ვიდეოს აქვეყნებენ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "ღალატი" უწოდა.
პუტინმა შაბათს საგანგებო სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ "ვაგნერის შეიარაღებული ამბოხება რუსეთისთვის ზურგში დანის დარტყმაა":
"ის, რასაც ახლა ვხედავთ, ღალატია. ყველა, ვინც ღალატის გზაზე წავიდა, დაისჯება და პასუხს აგებს".
პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასაცავად:
"მე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის დასაცავად. შეიარაღებულ ძალებს გაეცათ საჭირო ბრძანებები. გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, პასუხისგებაში მიეცემა. ვინც ამ საქმეშია ჩათრეული, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ თქვენი დანაშაულებრივი ქმედებები“.
პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი იბრძვის უმძიმეს ბრძოლას თავისი მომავლისთვის“.
„პირადმა ინტერესებმა განაპირობა ჩვენი ქვეყნის ღალატი", – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.


