პოდოლიაკი: რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისს ვადევნებთ თვალს
24/06/2023 09:00:38 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებულ კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინის მიერ წამოწყებულ ჯანყს ეხმიანება და თვლის, რომ "რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისს ვადევნებთ თვალს".
მისივე შეფასებით, უკრაინული კონტრშეტევის წამოწყებამ რუსულ ელიტებში საბოლოო დესტაბილიზაციას დაუდო დასაბამი და მოვლენები ვითარდება იმ სცენარით, რომლის შესახებაც უკრაინის ხელისუფლება მთელი გასული წლის განმავლობაში საუბრობდა.
"უკრაინული კონტრშეტევის დაწყებამ დასაბამი დაუდო საბოლოო დესტაბილიზაციას რუსულ ელიტაში და გააღრმავა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში მარცხის განცდის შემდეგ გაჩნდა. დღეს ჩვენ რუსეთში ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის დასაწყისს ვადევნებთ თვალს. პირგოჟინის დაჯგუფება იკავებს სამხედრო ობიექტებს, შტაბებს, მთელ ქალაქებს, თანაც ისე, რომ ამ გზაზე წინააღმდეგობას თითქმის არ აწყდება და პროცესში განაიარაღებს შემხვედრ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს. პუტინი პრიგოჟინს მოღალატედ აცხადებს და სპეცსამსახურებისადმი შესაბამისი ბრძანებების გაცემას აანონსებს, თუმცა რეალობაში ამას არაფერი მოჰყვება, მართვის კრიზისი, ძალაუფლების ფაქტობრივი დაკარგვა - სულ ესაა, რასაც ვხედავთ. "ვაგნერი" აგრძელებს თავის მარშს მოსკოვის მიმართულებით, უკრაინა კი თავისი გზით მიდის 1991 წლის საზღვრებამდე" - განაცხადა პოდოლიაკმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერის" დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს "ღალატი" უწოდა.
პუტინმა შაბათს საგანგებო სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ "ვაგნერის შეიარაღებული ამბოხება რუსეთისთვის ზურგში დანის დარტყმაა":
"ის, რასაც ახლა ვხედავთ, ღალატია. ყველა, ვინც ღალატის გზაზე წავიდა, დაისჯება და პასუხს აგებს".
პუტინმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რუსეთის დასაცავად:
"მე, როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის დასაცავად. შეიარაღებულ ძალებს გაეცათ საჭირო ბრძანებები. გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული სიტუაციის დასტაბილურებისთვის. ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, პასუხისგებაში მიეცემა. ვინც ამ საქმეშია ჩათრეული, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ თქვენი დანაშაულებრივი ქმედებები“.
პუტინმა თქვა, რომ "რუსეთი იბრძვის უმძიმეს ბრძოლას თავისი მომავლისთვის“.
„პირადმა ინტერესებმა განაპირობა ჩვენი ქვეყნის ღალატი", – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.


