კობახიძე: რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს
24/06/2023 08:23:23 პოლიტიკა
რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძემ უპასუხა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას მოწოდებასაც და განაცხადა, რომ „ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია:
„ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს, ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ ჭირდება“.
ამასთან, კობახიძემ "სისულელე" უწოდა გიორგი გახარიას განცხადებას, რომ „არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რუსეთთან საზღვრები დროებით ჩაიკეტოს“.
ცნობისთვის: 23 ივნისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც. მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა "აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ კომპანია "ვაგნერის" არიერგარდულ ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროისთვის "ვაგნერი" იუწყება, რომ "დონის როსტოვში და ვორონეჟში სამხედრო ობიექტებს სრულად აკონტროლებს". იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება, რომ მისი მებრძოლები მოსკოვში შევლენ.


