
პრიგოჟინი მოუწოდებს რუსებს, არ დაიჯერონ ის ინფორმაცია, რასაც სახელმწიფო ტელევიზიები ავრცელებენ
24/06/2023 05:54:16 მსოფლიო
"ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაიჯეროს ის ინფორმაცია, რასაც სახელმწიფო ტელევიზიები ავრცელებენ. ამის შესახებ იგი საუბრობს ვიდეოში, რომელიც მის ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნდა.
"როდესაც გეუბნებიან, რომ "ვაგნერის" გამო დაზიანდა ვითარება ფრონტზეო, ეს სიცრუეა. უზარმაზარი ტერიტორია დაიკარგა. დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა, სამჯერ, ოთხჯერ აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელსაც [ხელმძღვანელობა] ოფიციალურ დოკუმენტებში მიუთითებს", – აცხადებს პრიგოჟინი.
მანამდე მან აღნიშნა, რომ "დონის როსტოვში ყველა სამხედრო ობიექტი "ვაგნერის" კონტროლის ქვეშაა.
მისივე თქმით, ვანერი აკონტროლებს აეროდრომსაც:
"თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლო სამუშაოზე მიემგზავრებიან, ჩვეულ რეჟიმში ტოვებენ აეროდრომს. ფრენები სამედიცინო მიზნით ჩვეულ რეჟიმში სრულდება. ჩვენ ავიღეთ კონტროლი, რათა თავდასხმის თვითმფრინავმა ჩვენ კი არ დაგვარტყან, არამედ უკრაინელებს".
იგი ადგილზე რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩასვლას მოითხოვს.
""მე და ჩემი მებრძოლები ქალაქის სამხრეთ რაიონულ სამხედრო შტაბში ვიმყოფებით. ჩემი მებრძოლები დაბლოკავენ დონის როსტოვს და გაემგზავრებიან მოსკოვში, თუ ჩვენთან თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალი ვალერი გერასიმოვი არ ჩამოვლენ", – აცხადებს პრიგოჟინი.