სამხედროებმა დონის როსტოვში შესასვლელები გადაკეტეს, ქალაქში სპეცრაზმელებით სავსე ათობით თვითმფრინავი გაიგზავნა
23/06/2023 23:38:23 მსოფლიო
რუსული მედია სამხედროების მიერ ქალაქ დონის როსტოვში შესასვლელების ბლოკირების შესახებ იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედროები ქალაქში შემსვლელ ყველა მანქანას ამოწმებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ასევე ფოტო-და ვიდეო-მტკიცებულებები ქალაქში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბის კუთვნილი სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ. ქუჩებში შეიარაღებული პოლიციელები შენიშნეს. ქალაქის თავზე ვერტმფრენები პატრულირებენ.
რიგი მედია-საშუალებების ინფორმაციით, სამხრეთ სამხედრო ოქლის შტაბი განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი.
"The Moscow Times"-ის ცნობით, როსტოვში სპეცრაზმელებით სავსე ათობით თვითმფრინავი გაიგზავნა.
ცოტა ხნის წინ, რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა აუდიო-განცხადება გაავრცელა. ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ "მისი მებრძოლები როსტოვში შედიან და მესაზღვრეები მათ სიხარულით ეგებებიან". არანაირი ფოტო ან ვიდეო განცხადებას თან არ ერთვის.
"სახელმწიფო საზღვარი ყველა ადგილზე გადავკვეთეთ. მესაზღვრეები სიხარულით გვხვდებოდნენ და გვეხვეოდნენ. ამჟამად შევდივართ როსტოვში. ჩვენს წინააღმდეგ ჯარისკაცები გადმოისროლეს, მაგრამ ისინი განზე გადიან... გზას ვაგრძელებთ. გავანადგურებთ ყველას, ვინც გზას გადაგვიღობავს. ვივლით ბოლომდე" - აცხადებს პრიგოჟინი.
მოსკოვის პოლიციაში გეგმა "ციხესიმაგრე" გამოცხადდა. ანალოგიური ვითარებაა დონის როსტოვში, სადაც რუსული არმიის შტაბია განლაგებული. თანამშრომლებში განგაში გამოცხადდა, - იუწყებიან რუსული ტელეგრამ-არხები.
"გაიცა ბრძანება, შსს-ს, ასევე როსგვარდიის მთელი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაში იქნას მოყვანილი,, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებზე განთავსებული ბლოკ-საგუშაგოები კი გაძლიერდეს" - იუწყება როსტოვულ პორტალ 161-ის წყარო ძალოვან უწყებებში.
გეგმა "ციხესიმაგრე" პირადი შემადგენლობის დაუყოვნებლივ შეკრებას და ძალოვანი უწყებების ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის კონტროლზე აყვანას, ასევე გარე თავდასხმის მოსაგერიებლად მზადყოფნას ითვალისწინებს.
BBC-ის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოსკოვის ბიუროში ასევე განგაში გამოცხადდა, განგაშია გამოცხადებული არმიის მოსკოვის გარნიზონშიც.
როგორც BBC-ის რუსულ სამსახურს სპეცსამსახურებიდან აცნობეს "დონის" ტრასაზე (აკავშირებს მოსკოვსა და დონის როსტოვს) უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ეროვნული გვარდიის ჯარების სწრაფი რეაგირების რაზმების მხარდაჭერით სასწრაფო რეჟიმში ხსნიან ბლოკ-საგუშაგოებს და მორიგე ძალოვანებს ნაბრძანები აქვთ ცეცხლის გახსნა "საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში".
გამოცემის ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმშია მოყვანილი სამხედრო ტექნიკაც, თუმცა მისი დისლოკაციის ადგილიდან გაყვანის ბრძანება ჯერ არ გაცემულა.
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინს უკრაინის მხარეს მებრძოლმა "მოხალისეთა რუსულმა კორპუსმა" გამოუცხადა მხარდაჭერა.
"მოხალისეთა რუსული კორპუსის" ხელმძღვანელმა დენის კაპუსტინმა პრიგოჟინს "მოსახლეობაში პოპულარული პატრიოტი" უწოდა და მის გვერდში ბრძოლის მზადყოფნა საჯაროდ დააფიქსირა.
"რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაძაბულობა მუდმივად იზრდებოდა, სანქციებმა და ფრონტზე განცდილმა წარუმატებლობებმა კი ხრწნისა და რღვევის პროცესები გაამძაფრეს და აი, რა გვაქვს სადღეისოდ: ამბიციური, განრისხებული, მოსახლეობასა და სამხედრო წრეებში პოპულარული პატრიოტი საკუთარი ჯარითურთ; განგრძობადი სისხლისმღვრელი ომით დემორალიზებული მოსახლეობა და გაუგებარი პოლიტიკური ხელისუფლება. ვემზადებით!" - განაცხადა კაპუსტინმა.
რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში ირწმუნებიან, რომ კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებული განცხადებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს.
მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან.” ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
„ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩეთ. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…
შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.
ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი - ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს,” - განაცხადა პრიგოჟინმა.
რუსეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა პრიგოჟინის ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით შეიარაღებული გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
"მოვითხოვთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს" - აცხადებს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი, რომელსაც ФСБ-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი უდგას სათავეში.


