რუსეთის გენპროკურორმა პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ მოახსენა
23/06/2023 23:35:02 მსოფლიო
რუსეთის გენპროკურორმა პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ მოახსენა, - ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იუწყება.
რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში ირწმუნებიან, რომ კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებული განცხადებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს.
მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან.” ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.
„ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩეთ. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…
შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.
ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი - ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს,” - განაცხადა პრიგოჟინმა.
რუსეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა პრიგოჟინის ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით შეიარაღებული გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
"მოვითხოვთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს" - აცხადებს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი, რომელსაც ФСБ-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი უდგას სათავეში.


