Accentnews.ge
გენერალი სუროვიკინი "ვაგნერელებს" შეჩერებისკენ მოუწოდებს

გენერალი სუროვიკინი "ვაგნერელებს" შეჩერებისკენ მოუწოდებს

23/06/2023 21:45:31 მსოფლიო

უკრაინაში მებრძოლი რუსული დანაყოფების ექს-ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი სუროვიკინი, რომელიც კერძო გასამხედროებულ დაჯგუფება "ვაგნერსა" და მის ლიდერ ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებულ პირად ითვლება, "ვაგნერელებისადმი" ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და მათ შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ვიდეო-მიმართვაში იგი აღნიშნავს, რომ "მტერი გაფაციცებით ელის რუსეთში შიდა პოლიტიკური ვითარების დაძბვას" და მოუწოდებს "ვაგნერელებს", იარაღი დაყარონ და დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ, "პრობლემები კი მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პუტინის ხელმძღვანელობით გადაჭრან".

ამასთან, რით ხელმძღვანელობს სუროვიკინი - მხოლოდ პრიგოჟინის სკანდალური მიმართვით, თუ მართლაც გააჩნია რაიმე ინფორმაცია "ვაგნერელების" გადაადგილების თაობაზე, - ჯერ გაურკვეველია.

ზოგიერთი ბლოგერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ნოვოჩერკასკისკენ გადაადგილდებიან, თუმცა ეს ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

მოსკოვის პოლიციაში გეგმა "ციხესიმაგრე" გამოცხადდა. ანალოგიური ვითარებაა დონის როსტოვში, სადაც რუსული არმიის შტაბია განლაგებული. თანამშრომლებში განგაში გამოცხადდა, - იუწყებიან რუსული ტელეგრამ-არხები.

"გაიცა ბრძანება, შსს-ს, ასევე როსგვარდიის მთელი შემადგენლობა საბრძოლო მზადყოფნაში იქნას მოყვანილი,, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებზე განთავსებული ბლოკ-საგუშაგოები კი გაძლიერდეს" - იუწყება როსტოვულ პორტალ 161-ის წყარო ძალოვან უწყებებში.

გეგმა "ციხესიმაგრე" პირადი შემადგენლობის დაუყოვნებლივ შეკრებას და ძალოვანი უწყებების ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის კონტროლზე აყვანას, ასევე გარე თავდასხმის მოსაგერიებლად მზადყოფნას ითვალისწინებს.

BBC-ის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მოსკოვის ბიუროში ასევე განგაში გამოცხადდა, განგაშია გამოცხადებული არმიის მოსკოვის გარნიზონშიც.

როგორც BBC-ის რუსულ სამსახურს სპეცსამსახურებიდან აცნობეს "დონის" ტრასაზე (აკავშირებს მოსკოვსა და დონის როსტოვს) უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ეროვნული გვარდიის ჯარების სწრაფი რეაგირების რაზმების მხარდაჭერით სასწრაფო რეჟიმში ხსნიან ბლოკ-საგუშაგოებს და მორიგე ძალოვანებს ნაბრძანები აქვთ ცეცხლის გახსნა "საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში".

გამოცემის ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმშია მოყვანილი სამხედრო ტექნიკაც, თუმცა მისი დისლოკაციის ადგილიდან გაყვანის ბრძანება ჯერ არ გაცემულა.

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინს უკრაინის მხარეს მებრძოლმა "მოხალისეთა რუსულმა კორპუსმა" გამოუცხადა მხარდაჭერა.

"მოხალისეთა რუსული კორპუსის" ხელმძღვანელმა დენის კაპუსტინმა პრიგოჟინს "მოსახლეობაში პოპულარული პატრიოტი" უწოდა და მის გვერდში ბრძოლის მზადყოფნა საჯაროდ დააფიქსირა.

"რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაძაბულობა მუდმივად იზრდებოდა, სანქციებმა და ფრონტზე განცდილმა წარუმატებლობებმა კი ხრწნისა და რღვევის პროცესები გაამძაფრეს და აი, რა გვაქვს სადღეისოდ: ამბიციური, განრისხებული, მოსახლეობასა და სამხედრო წრეებში პოპულარული პატრიოტი საკუთარი ჯარითურთ; განგრძობადი სისხლისმღვრელი ომით დემორალიზებული მოსახლეობა და გაუგებარი პოლიტიკური ხელისუფლება. ვემზადებით!" - განაცხადა კაპუსტინმა.

რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტში ირწმუნებიან, რომ კერძო გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერ ევგენი პრიგოჟინის სახელით გავრცელებული განცხადებები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” პოზიციები დაბომბეს. ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური “ტელეგრამში” ავრცელებს.

მისი თქმით, „ისინი, ვინც კერძო სამხედრო კომპანიის [“ვაგნერის”] ბანაკებზე დარტყმა მიიტანა, დაისჯებიან.” ამავდროულად, თავად დარტყმებში პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

„ყველას, ვინც ეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხეა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ. ყველას სიმშვიდის შენარჩუნებას გთხოვთ, პროვოკაციებს არ აყვეთ, საკუთარ სახლებში დარჩეთ. ჯარში სამართლიანობა იქნება აღდგენილი, და ამის შემდეგ კი სამართლიანობა მთელ რუსეთში…

შოიგუ ამ წამს გაიქცა როსტოვიდან, ლაჩრულად, როგორც ქალაჩუნა. ეს ნაძირალა შეჩერებული იქნება.

ჩვენ 25 ათასი ვართ და გასარკვევად მივდივართ, თუ რატომ ხდება ქვეყანაში გაურკვევლობა. 25 ათასი როგორც ტაქტიკური რეზერვი, ხოლო სტრატეგიული რეზერვი - ეს მთელი ჯარი და მთელი ქვეყანაა. ყველა, ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სისაძაგლეს,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

რუსეთის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა პრიგოჟინის ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით შეიარაღებული გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

"მოვითხოვთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს" - აცხადებს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი, რომელსაც ФСБ-ს ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი უდგას სათავეში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S