რუსულ საავადმყოფოებს შავი ჭირის გავრცელებისთვის მზადება უბრძანეს
23/06/2023 19:49:16 მსოფლიო
როსპოტრებნადზორმა რუსეთში შავი ჭირის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი ღონისძიებების გატარების ბრძანება გასცა, - იუწყება რუსული მედია.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მეზობელ მონღოლეთში ამ სასიკვდილო დაავადების შემთხვევების დაფიქსირებას უკავშირდება.
ბრძანების თანახმად, ხელისუფლებამ უნდა შეამოწმოს საავადმყოფოების მზადყოფნა, სამედიცინო და დიაგნოსტიკური მედიკამენტების მარაგი და მოაწყოს წვრთნები უწყებათაშორისი ურთიერთქმედების ალგორითმების დამუშავებით.
როსპოტრებნადზორის ჭირის საწინააღმდეგო დაწესებულებების დირექტორებს დაევალათ სპეციალური ანტიეპიდემიური ჯგუფების მომზადება „ვითარების გართულების შემთხვევისთვის“. მათ ასევე უნდა უზრუნველყონ ლაბორატორიებში ჭირის ოპერაციული კვლევის ჩატარების შესაძლებლობა.
დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე დაავადების ბუნებრივ კერებთან დაკავშირებულ ვითარებას აკონტროლებენ, მათ შორის აწარმოებენ იმ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ვაქცინაციას, ასევე ანადგურებენ დაავადების გადამტანებს.
მათ აღნიშნეს, რომ რუსეთში ჭირის შემთხვევა ბოლოს 2017 წელს დაფიქსირდა, თუმცა, „გლობალური მასშტაბით, ეს დაავადება კვლავ გადაუდებელ გამოწვევად რჩება“.
როსპოტრებნადზორმა დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე არახელსაყრელი მდგომარეობა რჩება კონგოში, მადაგასკარსა და მონღოლეთში. ამ უკანასკნელთან აქტიურად თანამშრომლობენ რუსული კვლევითი ინსტიტუტები, მათ შორის კერების აქტივობის სისტემატური მონიტორინგის კუთხით.
მანამდე მონღოლეთის ზოონოზური ინფექციების კვლევის ეროვნულმა ცენტრმა ჭირის 137 ბუნებრივი კერის იდენტიფიცირების შესახებ განაცხადა.
კერები მათ შორის დაფიქსირდა რუსეთის საზღვართან - ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია უვსში, რომელიც რუსულ ტუვას ესაზღვრება. 2022 წელს რუსმა და მონღოლმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, რომ ამ მხარეში დაავადების ბუნებრივი ფოკუსის აქტივობა გაიზარდა.
ჭირი მონღოლეთისთვის ენდემური დაავადებაა, მის ტერიტორიაზე სენის გადამტანებს მღრღნელები და მათი რწყილები წარმოადგენენ.
დაავადება დასნებოვნებული ცხოველიდან ადამიანს გადაეცემა, მათ შორის - მისი ხორცის საკვებად გამოყენებისას.
ცენტრის ცნობით, 30 წელზე მეტი ხნის დაკვირვებით მონღოლეთის რეგიონში, ხოვდში, ჩინეთის საზღვარზე, ჭირით დაავადდა 32 მაცხოვრებელი, მათგან 13 გარდაიცვალა, გარდაცვალების შემთხვევები, მათ ორის 2020 და 2022 წლებშიც დაფიქსირდა.


