ჟურნალისტებმა უკრაინაში მიმდინარე ომში 26 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს
23/06/2023 19:26:07 მსოფლიო
BBC–ს რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა უკრაინაში მიმდინარე ომში 26 121 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს. უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების სახელებს ისინი მოხალისეთა გუნდებთან ერთად აგროვებენ.
სიის ავტორები ვარაუდობენ, რომ მასში, სულ მცირე, ორჯერ ნაკლები სახელია, ვიდრე რეალურად რუსეთშია დაკრძალული. სასაფლაოებზე არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომში, სულ მცირე, 52 ათასი რუს სამხედრო უნდა იყოს დაღუპული. მათი ცნობით, რუსეთის საერთო დანაკარგი, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა და დაჭრილთა სახით, მინიმუმ 235 ათას ადამიანს უნდა შეადგენდეს.
ჟურნალისტებმა ასევე შეძლეს დაედგინათ რუსეთის არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურის 2152 რუსი ოფიცრის დაღუპვა. დადასტურდა რუსეთის 35-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბის უფროსის გენერალ-მაიორის სერგეი გორიაჩოვის დაღუპვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ ასაჯაროებს და ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ ციფრებზე კომენტარს არ აკეთებს. საკუთარ დანაკარგებს არც უკრაინა ამჟღავნებს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ომის 478 დღის განმავლობაში დაახლოებით 223000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.


