დრონების შეტევების შედეგად მოსახლეობისგან დაცლილ რუსულ შებეკინოში არჩევნები გააუქმეს
23/06/2023 17:53:54 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქის საარჩევნო კომისიამ დრონების ბოლოდროინდელი შეტევების შემდეგ მოსახლეობისგან ფაქტობრივად დაცლილ შებეკინოს რაიონში ადგილობრივი სათათბიროს არჩევნები გააუქმა, - იუწყება რუსული მედია.
როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა იგორ ლაზარევმა განაცხადა, შებეკინოს ოლქი თითქმის ყველა ამომრჩეველმა და ორმოცი საარჩევნო კომისიის წევრებმა დატოვეს, რის გამოც სექტემბრისთვის დაგეგმილი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. არჩევნების ახალი თარიღი, მისი თქმით, "მუნიციპალიტეტში ვითარების დასტაბილურების შემდეგ გამოცხადდება.
ერთი კვირით ადრე იმავე მიზეზით არჩევნები გაუქმდა ბელგოროდის ოლქის ჟურავლიოვსკის რაიონში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კანონმდებლობა არჩევნების გაუქმებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციების ან გაზრდილი მზადყოფნის შემთხვევებში ითვალისწინებს, პრეზიდენტ პუტინის განკარგულების თანახმად კი, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში, დრონების არაერთი შეტევის მიუხედავად, ამ დრომდე "რეაგირების საშუალო დონეა" გამოცხადებული.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლის დასაწყისიდან რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებზე საჰაერო შეტევები საგრძნობლად გახშირდა. მარტო მაისში ბელგოროდის ოლქი 130-ჯერ დაიბომბა. დაახლოებით 20 მაისიდან საჰაერო შეტევებმა ფაქტობრივად ყოველდღიური სახე მიიღო. რუსული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყების დროიდან დღემდე რეგიონში დაღუპულია 30-ზე მეტი და დაჭრილია 150-ზე მეტი მცხოვრები.


