ინდოეთი უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების აღიარებაზე უარს აცხადებს
23/06/2023 17:36:55 მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების რუსლად აღიარებაზე უარი განაცხადა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა. შესაბამისი განცხადებები მან აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც მოდიმ აღნიშნა, "ახლა ომის დრო არ არის, ახლა დიალოგისა და დიმლომატიის ეპოქაა და ყველამ უნდა ეცადოს, სისხლისღვრა და ადამიანური მსხვერპლი შეწყდეს".
ვიზიტის დასასრულს თეთრმა სახლმა ინდოეთის პრემიერისა და აშშ-ის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარენდრა მონდი და ჯო ბაიდენი გამოდიან მოწოდებით, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების პრიცნიპების, მათ შორის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრიციპის მოწოდებით პატივისცემისკენ და "იღებენ ვალდებულებას, უკრაინის ჰუმანიტარული დახმარება განაგრძონ".
ნარენდრა მოდი ამერიკაში 20 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. იგი ჯერ ნიუიორკში გაერო-ს შტაბ-ბინას ეწვია, რის შემდეგაც ვაშინგტონში გაემგზავრა ჯო ბაიდენთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. '
ცნობისთვის: ინდოეთი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ღიად დაგმობისგან ამ დრომდე თავს იკავებდა. G20-ის შეხვედრაზე ინდური მხარე, რომელიც თავმჯდომარედ გვევლინებოდა, რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების წინააღმდეგ ილაშქრებდა და უარს აცხადებდა, რუსეთის აგრესია ოფიციალურად დაეგმო. მეტიც, ინდოეთმა ომის ფონზე რუსეთთან ვაჭრობით დიდი სარგებელი ნახა და რუსული ნავთობისა და იარაღის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორად იქცა. ახლა ვაშინგტონი დაინტერესებულია, ინდური ბაზრიდან მოსკოვი მაქსიმალურად განდევნოს.


