პრიგოჟინმა გერასიმოვსა და შოიგუს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში უჩივლა
23/06/2023 17:02:39 მსოფლიო
ცივილიზებული ქვეყნების მიერ ტერორისტულად აღიარებული კერძო, გასამხედროებული დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვს რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტში უჩივლა. მისი ბრალდება "რუსი ხალხის გენოციდში, რუსეთის ათობით ათასი მოქალაქის მკვლელობასა და რუსული ტერიტორიების მტრისთვის გამიზნულ გადაცემაში" მდგომარეობს.
სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტს პრიგოჟინის განაცხადთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მანამდე პრიგოჟინი რუსული არმიის ხელმძღვანელობის მიმართ მორიგი მწვავე კრიტიკით გამოვიდა. მისი მტკიცებით, შოიგუმ პრეზიდენტი პუტინი უკრაინაზე თავდასხმის აუცილებლობაში იმ მიზნით დაარწმუნა, რათა მარშალის წოდება და გმირის ვარსკვლავი მიეღო, თუმცა ფრონტზე გაუაზრებელმა მოქმედებამ რუსულ ჯარს კატასტროფული დანაკარგები მოუტანა.
"ომის პირველ დღეებში შოიგუმ ათიათასობით რუსი სამხედრო დაღუპა და აქ საუბარია ჩვენი ჯარის ყველაზე ბრძოლისუნარიან ნაწილზე, რომელიც ისედაც საკმაოდ მცირე იყო" - განაცხადა პრიგოჟინმა.
როგორც ხნობილია, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ფრონტზე "ვაგნერის" დახმარება ითხოვა. "მარტის შუა რიცხვებში ომში გვიხმეს. თავად შოიგუ ამ დროს დაიმალა და არსად ჩანდა. ეს მოცახცახე ბაბუ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ გამომძვრალიყო შექმნილი ვითარებიდან. უკვე იმ დროს მან ჩვენი სამხედროების ათიათასობით სიცოცხლე გაწირა, იმავე პერიოდში გაჩნდნენ პირველი დეზერტირებიც" - აცხადებს პრიგოჟინი.


