რუსეთისთვის ლეტალური იარაღისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებაში პირველი ჩინური სახელმწიფო კომპანია გამოიჭირეს
23/06/2023 16:46:45 მსოფლიო
ამერიკულმა Import Genius-მა, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებს იკვლევს, ჩინური სახელმწიფო კომპანიის მიერ რუსეთისთვის ლეტალური იარაღისთის აუცილებელი კომპონენტების მიწოდების პირველი სავარაუდო შემთხვევა გამოავლინა, - იუწყება The New York Times.
როგორც ირკვევა, გასულ წელს, როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკვე დაწყებული იყო, ჩინურმა კომპანია Poly Technologies-მა რუს პარტნიორებს ორ პარტიად 2 მილიონი დოლარის ღირებულების უკვამლო დენთი მიაწოდა, რომელიც 80 მილიონი ტყვიის წარმოებისთვისაა საკმარისი.
რკინიგზით გაგზავნილი ტვირთის მიმღებად ბარნაულის (რუსეთი) სამხედრო ქარხანაა მითითებული, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, წელიწადში 400 მილიონ ტყვიას აწარმოებს. შესაბამისად, ჩინურ დენთს შეეძლო, ქარხნის წლიური წარმოების მეხუთედი ნაწილი უზრუნველეყო. .
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული დასავლური სანქციების აშკარა დარღვევას თავს არიდებს და მოსკოვისთვის ლეტალური იარაღის ან მისთვის აუცილებელი კომპონენტების მიწოდებას დღემდე კატეგორიულად უარყოფდა.


