
მაღაროელების პასუხი კომპანიას: ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული
23/06/2023 10:01:26 საზოგადოება
გაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს. დღეს ჭიათურაში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა მაღაროელმა თქვა, რომ "ბიზნესის მართვა" და მაღაროს გადაცემა მათი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ ითხოვენ პირობების, მათ შორის, ანაზღაურების გაუმჯობესებას.
მისი თქმით, თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ისინი გააგრძელებენ იმ საქმის კეთებას, რაც იციან.
"ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ ძალიან ბევრი ფული აქვთ გაფლანგული, უმისამართოდ შეჭმული. ახლა ამბობენ, კომპანია გადაეცეს მაღაროელსო. რომელიმე აიღებთ ამას თქვენ თავზე და მართავთ მაღაროს? მე, პირადად, ვიცი სანგრების მართვა და ვაპირებ, სანგრები ვმართო. მათ სჭირდებათ ადამიანი, ვიზედაც ხელს შეიწმენდენ. ხმამაღალი საუბარიც მოგვივიდა ამ შემოთავაზების გამო აქ ადამიანებთან. ჩვენი მიზანი არაა თანამდებობები, სკამზე ჯდომა, ბევრი ფულის შოვნა. ჩვენ, წესიერი ადამიანები, დავბრუნდებით ისევ იმ სამუშაოებზე, რაც ვიცით და რისი პროფესიონალები ვართ. ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ესაა ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რომ ბიზნესი ვმართოთ", - თქვა მაღაროელმა.
გაფიცული მაღაროელების შესახებ განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმა" 22 ივნისს, გვიან ღამით, გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, მზად არის, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.
ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, რამდენიმე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გრძელდება ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების აქცია.
21 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ 4 მოშიმშილე დაემატა. ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა გიორგი კუპატაძეც, მაღაროელი, რომელმაც 18 ივნისს თვალები ამოიკერა პროტესტის ნიშნად. აქციაზე გამომსვლელთა თქმით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესაძლოა, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო შეექმნას მხედველობის დაკარგვის საფრთხეც.
გაფიცული მაღაროელები, გარდა ხელფასების მატებისა, საუბრობენ უსაფრთხო სამუშაო სივრცის საჭიროებაზე, სოციალური პაკეტების გაუმჯობესების აუცილებლობაზე და იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელიც "ჯორჯიან მანგანეზს" მოაქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის.