კულება: უკრაინა NATO–ში გაწევრიანების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაიცავს
23/06/2023 08:15:14 მსოფლიო
უკრაინა ომის დროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის "სუპერ აქტივი" გახდა,– განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.
მისი თქმით, „თუ სრულმასშტაბიან ომამდე უკრაინას უფრო მეტად სჭირდებოდა ნატო თავის დასაცავად და გასაძლიერებლად, ახლა ნატოს სჭირდება უკრაინა".
"ახლა პარტნიორები, ჩვენი წევრობის წინააღმდეგ, ფიქრობენ ტვირთის ლოგიკით, როგორც ომამდეც საუბრობდნენ. მაგრამ სინამდვილეში რეალობა შეიცვალა: უკრაინა აქტივია! იმიტომ, რომ მაგალითად, ახლა, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები გერმანიას სთხოვენ ბრიგადის გაგზავნას რუსეთისგან დასაცავად, მას შემდეგ რაც უკრაინა ნატო–ში გაწევრიანდება, რომელი ბრიგადა განთავსდება ბალტიისპირეთის ქვეყანაში? უკრაინული. გერმანელებს არ მოუწევთ თანხის, რესურსების დახარჯვა და რუსეთთან პირდაპირი შეტაკების პოლიტიკური რისკის ქვეშ დადგომა“, - თქვა კულებამ Suspilne-სთან ინტერვიუში.
მინისტრის თქმით, მას ლონდონში „თითქმის 10 ორმხრივი შეხვედრა“ ჰქონდა, სადაც მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი და ნატო იყო.
ალიანსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Welt-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ სამიტზე ალიანსი მიიღებს უკრაინის გრძელვადიანი დახმარების პაკეტს. მაგრამ, როგორც მან 19 ივნისს აღნიშნა, ნატოს ლიდერები ვილნიუსის სამიტზე კიევს არ მიიწვევენ ალიანსში გასაწევრიანებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება „ობიექტური საჭიროებაა“. მანამდე მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი რუსული აგრესიის პერიოდში, მას უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები სჭირდება.
კიევმა ნატოში წევრობის განაცხადი გააკეთა, მაგრამ ზოგიერთი ევროპული დედაქალაქი შიშობს, გაწევრიანების ოფიციალური ვადები განსაზღვროს, რადგან რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი გრძელდება.
უსაფრთხოების გარანტიები ნატოს ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილია, რათა უკრაინა ომის დასრულების შემდეგ არ დაექვემდებაროს შემდგომ აგრესიას რუსეთის მხრიდან. ეს საკითხი დღის წესრიგში მომავალ თვეში ვილნიუსში ნატოს სამიტზეც დადგება.


