Accentnews.ge
„ჯორჯიან მანგანეზი“: კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს

„ჯორჯიან მანგანეზი“: კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს

22/06/2023 20:43:20 საზოგადოება

კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ. ​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებამდე „ჯორჯიან მანგანეზმა“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროვა.

„გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნის საფუძველზე და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კომპანიამ გადაწყვიტა ჭიათურაში დასაქმებულთა ნაწილის ანაზღაურება გაასაჯაროოს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაფიცულებმა ანაზღაურების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. საუბარია კომპანიაში დასაქმებულ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. ქვემოთ მოყვანილი მონაცემების მიხედვით, ნათლად ჩანს, თუ რას შეადგენს 2022 წელს საშუალოდ დარიცხული ხელფასები – 3187 ლარი (გაცემულია 01.02.2022 – 01.02.2023). ​აქვე ვაცხადებთ, რომ კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, გასაჯაროებული ინფორმაცია დოკუმენტაციით დაადასტუროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გრძელდება ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია. 21 ივნისს პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს კიდევ 4 მოშიმშილე დაემატა. ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა გიორგი კუპატაძეც, მაღაროელი, რომელმაც 18 ივნისს თვალები ამოიკერა პროტესტის ნიშნად. აქციაზე გამომსვლელთა თქმით, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და შესაძლოა, პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამო შეექმნას მხედველობის დაკარგვის საფრთხეც.

გაფიცული თანამშრომლები გარდა ხელფასების მატებისა, საუბრობენ უსაფრთხო სამუშაო სივრცის საჭიროებაზე, სოციალური პაკეტების გაუმჯობესების აუცილებლობაზე და იმ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რაც "ჯორჯიან მანგანეზს" მოაქვს ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის.

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;

ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;

დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;

დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;

ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;

ულუფის გაუმჯობესება;

უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

აღნიშნულ მოთხოვნებს შორის არ არის, მაღაროების მაღაროელებისთვის გადაცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S