
გვარამია – პრეზიდენტზე: მას ეს ჩემთვის არ გაუკეთებია, გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის
22/06/2023 20:15:19 საზოგადოება
გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი გათავისუფლებას, არ ვიყავი ამისთვის მზად– უთხრა საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ.
„პირველ რიგში, ველოდებოდი თებერვალ–მარტს, როდესაც მიწევდა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. არც მაშინ ველოდი დიდად, რომ გამიშვებდნენ, რაღაცას მაინც წავიაქტიურებდი მაგ პერიოდში, მაგრამ მანამდე არაფერს ველოდი.
ვფიქრობ, მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ეს მას ნამდვილად მატებს ღირსებას“.
მას ჰკითხეს პრეზიდენტის წინააღმდეგ მის მიერ გამოთქმული, მათ შორის, უცონზურო შეფასებებთან დაკავშირებით. გვარამიამ თქვა, რომ არ აპირებს შეცდომაში გაჯიუტებას და იმავეს ურჩევს პრეზიდენტს:
„არ ვაპირებ, ჩემს შეცდომაში ვიყო გაჯიუტებული. ვიდეოები, რომლებსაც მის წინააღმდეგ, მაქვს ეჭვი, რომ გამოიყენებენ ამ დღეებში, არ მომწონს ჩემი თავი. საძაგლობაა. ამის გამო ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ არც ის უნდა გაჯიუტდეს შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი. უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. უფრო სწორად, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს, რომ 500 000 ადამიანი, ვინც სამართლიანად მიიჩნევს, რომ მათთვის სახელმწიფოებრიობასთან ასოცირებული მთავარი ოირი არის მძევალი, ასეთ ვიტარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მით უმეტეს, ვერანაირი დეპოლარიზაცია[...] არ ღირს სიცოცხლით გარისკვა".
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).