
ნიკა გვარამია თავისუფალია
22/06/2023 20:03:26 საზოგადოება
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულება დატოვა.
მას საპატიმროსთან გულშემატკივრები ელოდებოდნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების აქვს 22 ივნისს მოაწერა ხელი.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო საკასაციო სარჩელი.
მაშინ გვარამიამ განაცხადა, რომ დავას ევროპულ სასამართლოში გააგრძელებდა.
დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).