
პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროკავშირის დროშა დაწვეს
22/06/2023 19:32:38 საზოგადოება
ათონელზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან უცნობმა პირმა ევროკავშირის დროშა დაწვა.
რეზიდენტციასთან პირთა ჯგუფი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე.
პრეზიდენტი მოღალატედ მოიხსენიეს, უწოდეს "აგენტი", "ლეშიჭამია", თქვეს, რომ "მალე გააბუნძულებს საქართველოდან ქართველი ხალხი".
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).