
გვარამიას მეუღლე: "ამით არაფერი მთავრდება, ახლა იწყება ყველაფერი და წინ საბოლოო გამარჯვებამდე!“
22/06/2023 18:23:08 საზოგადოება
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა განაცხადა, რომ უსმენდა პრეზიდენტის ბრიფინგს, თუმცა გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
როგორც მან რუსთავის საპატიმროსთან ჟურნალისტებს უთხრა, არც თავად გვარამია ელოდა შეწყალებას:
„რამდენიმე დღის წინ ვნახე და არ ელოდა [შეწყალებას]. დღესაც მომივიდა წერილი და არ ელოდა. ვნახოთ რას იტყვის რომ გამოვა“.
ის მადლობას უხდის გულშემატკივრებს, მათ, ვინც მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო – დასავლელ პარტნიორებს და დასძენს, რომ „სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.
„ნიკა მართალია და ის გარეთ იქნება“,– აღნიშნა ლილუაშვილმა და დასძინა, "ამით არაფერი მთავრდება, ახლა იწყება ყველაფერი და წინ საბოლოო გამარჯვებამდე!“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს. 19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).