
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე”: მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდებოდა
22/06/2023 18:13:39 საზოგადოება
“რეპორტიორები საზღვრების გარეშე” საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება. ამის შესახებ ორგანიზაცია “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს განცხადებას.
“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ წამს შეიწყალა ოპოზიციური “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ციხეში 2022 წლის მაისიდან იმყოფება. “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ელოდებოდა”, - წერია განცხადებაში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.