Accentnews.ge
მოლდოვის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

მოლდოვის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს

22/06/2023 17:57:38 მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიშინიოვში რუსეთის ელჩის ოლეგ ვასნეცოვის დაბარების შესახებ იუწყება. ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ხელმძღვანელად დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ გააკეთა მინიშნება რუსული არმიის მიერ მოლდოვურ სოფელ ჯურჯულეშტიში არსებულ ხიდზე დარტყმის შესაძლო განხორციელების შესახებ უკრაინული ჯარის მიერ რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებული ხიდის დაბომბვის საპასუხოდ.

დღეს დილით რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული ჯარის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ხერსონის ოლქს შორის არსებული ჩონგანის ხიდის დაბომბვის თაობაზე. მოგვიანებით ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ "რუსული არმიისთვის ცნობილია უკრაინის ოდესის ოლქსა და მოლდოვის სოფელ ჯურჯულეშტიში არსებული ხიდების კოორდინატები". ამასთან, მას არ განუმარტავს, რატომ უნდა დაბომბოს რუსულმა არმიამ უკრაინული შეტევის საპასუხოდ მოლდოვური ხიდი.

"მოლდოვის რესპუბლიკა მკაცრად გმობს კრემლის მიერ რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფ ხერსონში დანიშნული წარმომადგენლის განცხადებას, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის მიმართ პირდაპირ მუქარას შეიცავდა. მსგავსი განცხადებები სრულიად მიუღებელია და არ ვაპირებთ, მსგავსი გამონათქვამები მოვითმინოთ" - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კიშინიოვის ამ ნაბიჯს მოსკოვიდან გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

67 წლის სალდო შეუერთდა "მშვიდობისა და წესრიგის სამაშველო კომიტეტს" რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ხერსონის რეგიონში 2022 წლის მარტში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში. ის არის უკრაინის მოქალაქე, რომელმაც მიიღო რუსული პასპორტი ხერსონის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის დოკუმენტების დარიგების დროს.

სალდო იყო უკრაინის უმაღლესი რადას, ხერსონის საქალაქო პარლამენტის დეპუტატი და სამჯერ იყო არჩეული ხერსონის მერად. რუსეთმა ის ხერსონის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა რეგიონის ანექსიის გამოცხადების შემდეგ. უკრაინაში მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S