
წერეთელი: პრეზიდენტმა ერთი აგური დადო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
22/06/2023 17:54:39 საზოგადოება
რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებასთან, სადაც ჯერ კიდევ რჩება პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მედიამენეჯერი ნიკა გვარამია, მისი გულშემატკივრები იკრიბებიან.
ადგილზე მივიდა „ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელიც.
მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს გადაწყვეტილებისთვის არხის სახელით მადლობა გადაუხადა, მას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ერთი აგური დადო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მშენებლობის გზაზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
დღესვე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეის თქმით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. შვიდ რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი აქვს, ორზე საერთოდ არ აქვს პროგრესი, ერთზე – შეზღუდულ პროგრესს მიაღწია.
რეკომენდაცია, რომელზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი, მედიის პლურალიზმია.