პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
22/06/2023 17:02:13 პოლიტიკა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა,– ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო სარჩელი",– თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ არ აპირებს, ამ გადაწყვეტილების ირგვლივ "რაიმე ახსნა–განმარტების" გაზიარებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა, რომელსაც დღეს იყენებს.
"მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ბრიუსელში, ევროპარლამენტში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. არ ექვემდებარევა ვინმეს რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, "ამას თუ იზამთ, ეს მოხდება; იმას თუ იზამთ, ის მოხდება". ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება!",– თქვა ზურაბიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა პატრიარქთან პრეზიდნტის შესაძლო შეხვედრის თაობაზე მმართველი გუნდის განცხადებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრა არ არის კავშირში მის კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან და რომ იცის კონსტიტუციაც და კონკორდატიც:
"მინდა, კიდევ ერთ გარემოებას მივაპყრო თქვენი ყურადღება, ის მიუღებელი აჟიოტაჟი( ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, ყველაფერი რომ იციან. არასდროს შეუძლიათ, თქვან, "არ ვიცი"), რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არც დამესიზმრებოდა, რომ პატრიარქი მე რამეში "გამოვიყენო" (ძალიან ცუდი სიტყვაა) ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვუდასტურებ. უთუოდ მივალ სანახავად, როცა მარხვის პერიოდი დასულდება და ეს არავის საქმე არ არის, არც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. მე კონსტიტუციაც ვიცი და კონკორდატიც".
აქვე პრეზიდენტმა მომავალი კვირისთვის პრესკონფერენცია დააანონსა, რომელზეც სხვადასხვა საკითხების განხილვას გეგმავს.
19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიას ადვოკატების საკასაციო სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო. გვარამიას განცხადებით, შემდეგი "გაჩერება" სტრასბურგი იქნება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.


