
ფიფია: მარიუპოლში დაღუპულ ბახვა ჩიქობავას სახალხო გმირის წოდება მიენიჭა
22/06/2023 16:55:54 საზოგადოება
უკრაინაში, მარიუპოლში დაღუპულ ქართველ სამხედროს ბახვა ჩიქობავას სახალხო გმირის წოდება მიენიჭა,– ამის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტის ფოტოს სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლევან ფიფია აქვეყნებს.
ბახვა ჩიობავამ მონაწილეობა მიიღო ბატალიონ „აზოვის“ ჩამოყალიბებაში და მომდევნო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბატალიონის ახალი რეკრუტების წვრთნას. დაიღუპა რუსეთის ჯარების ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმების დროს, 2022 წლის 19 მარტს.
მისი ცხედარი სამშობლოში ჯერ კიდევ არ არის გადმოსვენებული.
ბახვა ჩიქობავა 2012 წლამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში (1992-1993) და 2008 წლის აგვისტოს ომში. 2007 წელს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე დამნაშავეებთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის ორდენით. 2012 წელს იყო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი.