ბლინკენ-ფიდანის პირველ შეხვედრაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხზეც იმსჯელეს
22/06/2023 10:59:58 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდა.
შეხვედრა ლონდონში უკრაინის აღდგენის ფორმატის ფარგლებში გაიმართა.
„უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე ლონდონში ყოფნისას მქონდა კონსტრუქციული შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. თურქეთი ნატო-სთვის მოკავშირე და ორმხრივი პარტნიორია. ჩვენ განვიხილეთ შვედეთის ალიანსში ახლა გაწევრიანების მნიშვნელობა“, – წერს ბლინკენი „ტვიტერზე“.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთმა დააკმაყოფილა ნატოში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმი და იმედი გამოთქვა, რომ ეს ივლისში მოხდება. შვედეთის ალიანსში მიღებას თურქეთი ბლოკავს.
ამასთან, თურქული მედიის ინფორმაციით, 21 ივნისს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივი ინტერესის მქონე არაერთ საკითხზე.
ეს ბლინკენისა და ფიდანის პირველი შეხვედრა იყო.


