თურქეთი ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის პროექტს სამხრეთ კორეასთან და რუსეთთან განიხილავს, მესამეს – ჩინეთთან
22/06/2023 09:26:28 მსოფლიო
თურქეთი ქვეყნის მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს სამხრეთ კორეასთან და რუსეთთან განიხილავს, ხოლო მესამეს – ჩინეთთან,– ამის შესახებ, თურქული მედიის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული ენერგიისა და საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალიჰ სარიმ სტამბოლში ატომური ელექტროსადგურების მე-9 სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლება მეორე ატომური ელექტროსადგურის აშენებას სინოპის პროვინციაში გეგმავს, ხოლო მესამის - ტრაკიას რეგიონში.
სარიმ აღნიშნა, რომ საჭირო კვლევები სინოპში დასრულდა: „მიდის მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან და რუსეთის ფედერაციასთან“.
მანვე აღნიშნა, რომ მესამე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ჩინელ ექსპერტებთან ერთად განიხილება:
„გარდა ამისა, ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ამერიკულ, ბრიტანულ და ფრანგულ კომპანიებთან. მიმდინარეობს მეოთხე ატომური ელექტროსადგურისთვის ადგილის განსაზღვრა“.
ამასთან, აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე იგეგმება "აკკუიუს" ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკზე მშენებლობა-მონტაჟის დასრულება.


