მედია: საბჭოთა თერმობირთვული ბომბის ერთ-ერთმა შემქმნელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
22/06/2023 08:49:14 მსოფლიო
პირველი საბჭოთა ორსაფეხურიანი თერმობირთვული ბომბის RDS-37 ერთ-ერთი შემქმნელი, 92 წლის ბირთვული ფიზიკოსი გრიგორი კლინიშოვი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს, – იუწყება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი".
მისი ინფორმაციით, მეცნიერმა თავი მოიკლა.
რუსული მედიის ცნობით, თვითმკვლელობამდე კლინიშოვმა დატოვა ბარათი, რომელშიც თავის ახლობლებს დაემშვიდობა.
კლინიშოვი 1930 წელს დაიბადა. იგი ფიზიკურ და მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი იყო. მას 1962 წელს ლენინის პრემია მიენიჭა. RDS-37 ბომბის გარდა, მეცნიერმა ასევე შეიმუშავა შემდეგი თაობის ბომბებისათვის რამდენიმე ტიპის თერმობირთვული მუხტი.
RDS-37–ის გამოცდა 1955 წლის 22 ნოემბერს სემიპალატინსკის პოლიგონზე მოხდა. აფეთქების მძლავრი ტალღის გამო შენობები 59 დასახლებაში დაზიანდა. აფეთქების ეპიცენტრიდან 200 კილომეტრამდე რადიუსში სახლების ფანჯრის მინების ჩაიმსხვრა. დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი წლის ბავშვი და ერთი სამხედრო მოსამსახურე.


