ყაზახეთმა რუსეთის მონაწილეობით სირიის საკითხზე მოლაპარაკებების მასპინძლობაზე უარი განაცხადა
22/06/2023 08:28:33 მსოფლიო
ყაზახეთმა რუსეთის მონაწილეობით სირიის საკითხზე მოლაპარაკებების მასპინძლობაზე უარი განაცხადა. ასტანის ეს გადაწუვეყილება რუსეთისთვის მოულოდნელობად იქცა, - წერს "ალ-ჯაზირა".
სირიის კრიზისის დარეგულირების მიზნით რუსეთის, თურქეთის, ირანისა და თავად სირიის დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებები ყაზახეთში 2017 წლიდან იმართებოდა. მორიგი რაუნდი ასტანაში 20-21 ივნისს ჩატარდა და ყაზახეთის ზემოთხსენებული გადაწყვეტილება სწორედ ამ დროს გამოცხადდა,
როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში განმარტეს, "მოლაპარაკებებმა მიაღწია თავის თავდაპირველ მიზნებს, დეესკალაციების ზონების შექმნის, სისხლისღვრის შეწყვეტისა და მსხვერპლთა რაოდენობის შემცირების ჩათვლით". "სირია არაბულ სახელმწიფოთა ლიგაში დააბრუნეს. ასევე სახეზეა მისი ძალისხმევა თურქეთთან კავშირების აღდგენის მიმართულებით. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ასტანის პლატფორმამ თავის მიზნებს უკვე მიაღწია" - განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა.
რუსეთი ყაზახეთის გადაწყვეტილებამ გააკვირვა. "გულახდილად ვიტყვი, ჩვენთვის ეს მოულოდნელობა იყო. როგორც ჩანს, ასტანა იმედოვნებს, რომ მოვძებნით სხვა პლატფორმას ამ შეხვედრებისთვის" - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის სპეც წარმომადგენელმა სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხებში ალექსანდრე ლავრენტიევმა.
პლატფორმის მონაწილე ქვეყნებს მომავალი მოლაპარაკებების ადგილი ჯერ არ განუსაზღვრავთ. ლავრენტიევის თქმით, ეს შეიძლება, იყოს მოსკოვი, ანკარა, თეირანი ან დამასკო.
შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე ნახევარში გაიმართება.
რუსეთმა სირიაში სამხედრო კამპანია 2015 წელს დაიწყო და მოქმედ ლიდერ ბაშარ ალ ასადს დაუჭირფა მხარი, რამაც ამ უკანასკნელს სირიის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე კონტროლის აღდგენის საშუალება მისცა. ასადის მთავრობას ასევე ირანი უჭერდა მხარს. თურქეთი კი პირიქით, მთელი ომის განმავლობაში სირიელი მეამბოხეების მხარეს იჭერდა. მოსკოვსაც და ანკარასაც სირიის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილებში ამ დრომდე აქვთ შენარჩუნებული სამხედრო ბაზები.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროიდან ყაზახეთმა რუსეთისგან დისტანცირება დაიწყო, თუმცა მასთან სავაჭრო ურთიერთობებასა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრობას ჯერჯერობით ინარჩუნებს. რესპუბლიკის ხელმძღანელობამ აშშ-ისგან მიიღო გაფრთხილება დასავლური სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარების გაგრძელების შემთხვევაში მეორადი სანქციების შესაძლო ამოქმედების თაობაზე. ამის შემდეგ ასტანამ ამ მიმართულებით ბრძოლა საგრძნობლად გააქტიურა.


