
ოპოზიცია – რიკოთზე: "ყველა უამინდობა ქვეყანას შუა საუკუნეებში აბრუნებს, არაფერში აღარ წერია ეს, რაც ხდება"
22/06/2023 08:20:27 პოლიტიკა, საზოგადოება
ოპოზიციის წევრები რიკოთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის ფაქტს ეხმიანებიან და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აკრიტიკებენ.
"ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია. საქართველო ფაქტიურად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით - ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს ? შემდეგ მეწყერამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით?", - წერს დათუნაშვილი სოციალურ ქსელში.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, "ის, რაც რიკოთზე ხდება არაფერში აღარ წერია".
„იქნებ, კეთილი ინებოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მინისტრმა და გააკეთოს სათანადო განმარტებები რიკოთთან დაკავშირებით. გავიგეთ, წვიმების სეზონის, სამშენებლო მოედანზე გადაადგილების და სხვა არგუმენტები, მაგრამ მგონი არაფერში აღარ წერია ეს რაც ხდება! ჩვენ, პარლამენტიდან მივმართავთ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ წარდგეს პარლამენტის წინაშე და მოახდინოს რიკოთის მონაკვეთის შესახებ, მათ შორის, საზედამხედველო და სხვა ტექნიკური შესაბამისობის შესახებ ინფორმაციაზე ანგარიში“, წერს ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ რიკოთის უღელტეხილზე, სადაც გაზაფხულიდან სატრანსპორტო მიმოსვლის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს, რამდენიმე ადგილზე მიწა იყო ჩამოწოლილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიზეზად ძლიერ წვიმას ასახელებდა.
უწყების ცნობით, რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია.