
გვარამიას თავისუფლების მოძრაობა: "დავიცვათ მართლმსაჯულება გაყიდული მოსამართლეებისაგან"
21/06/2023 18:16:43 საზოგადოება
"მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა გვარამიას საქმის მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების მიზნით კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ მოძრაობა განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლო სისტემამ შეასრულა პოლიტიკური შეკვეთა, რომლის მიზანია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟი.
საზოგადოების უაღრესად მაღალი ინტერესის და უპრეცედენტო საერთაშორისო რეზონანსის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ, გამოიჩინა რა უსაზღვრო ცინიზმი საზოგადოების მიმართ, ფორმალურადაც კი არ სცადა მართლმსაჯულების განხორციელების ილუზიის შექმნა. ამით კიდევ ერთხელ მოხდა ევროკომისიის რეკომენდაციების მე-7 პუნქტის იგნორირება, რომელშიც ნათქვამია, რომ საჭიროა "უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს".
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ნიკა გვარამიას საქმეზე პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი კორუმპირებული მოსამართლეებისთვის (სამივე ინსტანციის) პერსონალური სანქციების დაწესების მიზნით. ერთად დავიცვათ ქართული მართლმსაჯულება გაყიდული მოსამართლეებისაგან", - აღნიშნულია განცხადებაში.